საიტზე არის 1 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 10:28
RSS  
მე ლიდერი
შრიფტის ზომა:
მიეცით რეკომენდაცია (8)

ამასწინათ  მეგობრები ფინჯან ყავაზე შევიკრიბეთ. როგორც ხდება ხოლმე ცოტა წავიჭორავეთ, ვიხუმრეთ, მერე უფრო სერიოზულ თემებზე ჩამოვარდა  ლაპარაკი და სამუშაოს ამბებზე დავიწყეთ ლაპარაკი. ვახსენე, რომ ახალ პოზიციაზე მინდოდა გადასვლა, რომელიც არც ხელფასის მომატებას მპირდებოდა, არც თანამდებობრივი წინსვლის თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი, მხოლოდ მოვალეობები მემატებოდა. გოგონებს რომ გაუკვირდათ, ახსნა ვცადე - პასუხისმგებლობები მინდა-მეთქი. ამან კიდევ უფრო გააკვირვა ისინი, პასუხისმგებლობები მეტი ხომ არაფერია თუ არა უსარგებლო თავის ტკივილი.

შინ მისულმა ბევრი ვიფიქრე. მართლაც, რად მინდა პასუხისმგებლობები და რთული მოვალეობები? ხასიათი, - ყველაზე მარტივი პასუხი. ზოგს სიმშვიდე სურს, ზოგს სირთულეები იზიდავს.  თავისდაუნებურად ხდება. სტუდენტობისას ერთ საინტერესო ციტატას წავაწყდი და მაშინ ვიფიქრე, რომ ამაზე ბრძნული არასოდეს არაფერი გამიგონია. ავტორი წერდა: ,,რამდენი ადამიანი ატარებს თავისი ცხოვრების პირველ ნახევარს იმის მოლოდინში, რომ მას რაღაც სასიხარულო შეემთხვევა, მეორე ნახევარს კი - სიკვდილის მოლოდინში’’.  მაშინ მივხვდი, რომ ადამიანი ბრძოლისთვის არის გაჩენილი, ადამიანებს ლოდინის დრო არ გვაქვს და თუ რაღაცის მიღწევა გინდა, უნდა იბრძოლო.


მე გკითხავთ - რა სურთ ადამიანებს ზოგადად? ალბათ მიპასუხებთ, რომ თითოეული ადამიანი იმდენად ინდივიდუალურია, რომ ყველას სხვადასხვა მიზანი აქვს ცხოვრებაში. მე კი გიპასუხებთ, რომ ადამიანები განვსხვავდევდებით ერთმანეთისგან, მაგრამ გვაქვს მსგავსი მოთხოვნები, მიზნები, მისწრაფებები, სურვილები. ეს ადამიანის ბუნებაა. რა სასიამოვნო იქნებოდა ცხოვრება ჩვენი განსხვავებულობა და ორიგინალურობა რომ არ გვემტკიცებინა ერთმანეთისთვის. რამდენი მილიონი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე, და ხომ წარმოგიდგენიათ, უცებ ყველამ რომ აგრესიულად დაიწყოს თავისი განსხვავებულობისა და განსაკუთრებულობის მტკიცება... მაგრამ თემას გადავუხვიე... ადამიანთა მიზნებზე ვსაუბრობდით და როგორც ფსიქოლოგები, უამრავი გამოკითხვა, ტესტი და რაც მთავარია, გამოცდილება გვიჩვენებს, ყოველი ადამიანი წარმატებისა და თვითრეალიზაციისკენ ისწრაფვის, რაც ხშირად გულისხმობს ლიდერობას - სურვილს იყო სხვებზე წინ, ცხადია კარგი გაგებით. ეს გვსურს ზოგადად, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს ამას. რა არის საჭირო იმისათვის, რომ გახდე ლიდერი?

ლიდერი არის ადამიანი, რომელიც სხვებს საერთო მიზნისკენ მიუძღვის. სამწუხაროდ, ჰიტლერიც ლიდერი იყო, სტალინიც, ნაპოლეონიც. ლიდერობის პროცესი ოთხი ფაქტორისგან შედგება: ლიდერი, ანუ ხელმძღვანელი, მიმდევარი, კომუნიკაცია, სიტუაცია. ლიდერი, ხელმძღვანელი, პროცესს წარმართავს თავისი ცოდნისა და უნარების გამოყენებით. დღეს უკვე მიიჩნეულია, რომ ხელმძღვანელობის, ლიდერობის სწავლა შეიძლება სათანადო ტრენინგისა და სწავლების შედეგად. თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჩვენ გვაქვს ხასიათი და თვისებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ქცევასა და მოქმედებაზე. შესაბამისად, ყველა ვერ გახდება ხელმძღვანელი ისე, როგორც მუსიკა თუ გიყვარს, არ ნიშნავს, რომ კარგი მუსიკოსი გამოვა შენგან...

ლიდერები შემდეგი თვისებებით გამოირჩევიან:
- აქტიურობა. ჩვეულებრივ, ის ადამიანები, რომლებიც სკოლაში ან უნივერსიტეტში გამოირჩეოდნენ აქტიურობით, სამუშაოზეც ლიდერები ხდებიან.
 - მიხვედრილობა და ხედვის უნარი. ლიდერები ადვილად უღებენ ალღოს ვითარებას და სამოქმედო გეგმას სახავენ.
- აზარტულობა. თუ ადამიანი ვერ გრძნობს გამოწვევას და არ სიამოვნებს სირთულეეთან ბრძოლა, ვერ გახდება ლიდერი.
- კონსტრუქციული უკმაყოფილება, რაც არ უნდა აგვერიოს კრიტიკაში. კონსტრუქციული უკმაყოფილების დროს, ადამიანი სახავს პრობლემის უკეთ გადაჭრის გზას. კრიტიკა კი მხოლოდ უკმაყოფილებას გულისხმობს.
 - პრაქტიკულობა. ხელმძღვანელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ნაბიჯი ეფექტური იქნება.
 - პასუხისმგებლობისათვის მზად ყოფნა.
- ნებისყოფა. ლიდერს უნდა ჰქონდეს ნებისყოფა, რომ ბოლომდე იყოს ხელმძღვანელი და დაასრულოს დაწყებული საქმე.
- ფსიქოლოგიური სიმტკიცე. ლიდერი მზად უნდა იყოს სტრესისა და კრიტიკისთვის. შეუმცდარი არავინ არის და შესაბამისად, სიმტკიცეც მართებს ხელმძღვანელს.
- ქარიზმატულობა. არიან ადამიანები, რომლებსაც ყველა უსმენს. ერთს იტყვის და ფასეულს, სხვები კი ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ არ უსმენენ. ლიდერი უნდ აიმორჩილებდეს და სრულიად ფლობდეს მსმენელს.

საკმარისია, პოტენციალი და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემო გქონდეს და შენგან კარგი ხელმძღვანელი და ლიდერი დადგება. ის, რომ ლიდერობა გსურს, უკვე ბევრს ნიშნავს, მთავარია, რამდენად მონდომებული ხარ.

თემის ავტორი: მარი მარდალეიშვილი

 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება
Get our toolbar!
 
 
 
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ელ.ფოსტა: info@staff.ge