საიტზე არის 1 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 10:28
RSS  
წარმატებული გასაუბრების საიდუმლო
შრიფტის ზომა:
მიეცით რეკომენდაცია (9)

ტელეფონზე უცნობი ზარი შემოდის და გასაუბრებაზე მიბარებენ. როგორც ჩემი მეგობარი ამბობს, ,,თითქმის ყოველ მეორე დღეს გასაუბრებაზე ვზივარ’’. მართლაც, კვირამ გასაუბრების გარეშე თუ ჩაიარა, ადგილს ვეღარ ვპოულობ. ყოველი გასაუბრება ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც კომპანიები, ადამიანები, ხასიათები, პოზიციები... შევაღებ თუ არა ოფისის კარს, უკვე ვხვდები, როგორ ჩაივლის გასაუბრება, მე უფრო მეტად ვეცდები სამუშაოს ,,ხელში ჩაგდებას’’, თუ - კომპანია. უმეტესწილად მოლოდინი მართლდება და სამწუხაროდ, იქ ვერ ვხვდები, სადაც მე მინდა მუშაობის დაწყება.

რაც უფრო მეტ გასაუბრებას გავდივარ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ გავლილ გასაუბრებათა რიცხვი არ აისახება შედეგზე. ვიხსენებ ჩემს პასუხებს - თითქოს არაფერი შემშლია. არადა, ყველაფერს აქვს თავის მიზეზი!

ამერიკელი მსახიობის სიტყვები მახსენდება: ,,ერთხელ სადაზღვევო კომპანიაში მქონდა  გასაუბრება და ქალბატონის შეკითხვაზე, თუ სად წარმომედგინა ჩემი თავი ხუთი წლის შემდეგ, ვუპასუხე: ,,ამ კითხვის დასმის ხუთი წლის იუბილეზე’’.

მეღიმება. ხუმრობა გვერდით იყოს და ორშაბათს ის სამუშაო მართლა უნდა ,,დავითრიო’’. განვლილ გასაუბრებებს ვიხსენებ და თანდათან ვხვდები, რომ უმეტესწილად დამაჯერებლად ვსაუბრობ, მთელი ყურადღება სიტყვებზე გადამაქვს და მავიწყდება, რომ ჩემი საქციელი გაცილებით მეტს გამოხატავს: მეტყველებას, ინტონაციას, ტონს გააკონტროლებ, მაგრამ ამ დროს ძალიან რთულია სხეულის კონტროლი.  ,,სხეულის ენა’’, როგორც მას ხშირად უწოდებენ, ყოველთვის არ გამოხატავს ჩვენს ნამდვილ სათქმელსა თუ დამოკიდებულებას, მაგრამ სწორი გამოყენების შემთხვევაში, ძლიერი იარაღია მსმენელის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ინტერნეტში საკმაოდ ხანგრძლივი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ჩამოვაყალიბე  ის ძირითადი რჩევები, რომლებიც გასაუბრებაზე უნდა გავითვალისწინოთ.

როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის?

- ჩაცმულობა
ტანსაცმელი კარგად უნდა იყოს დაუთოებული.
ჩაიცვით კონსერვატიული საქმიანი კოსტუმი (სოლიდური, მუქი ლურჯი ან, უკეთესია, ნაცრისფერი). თეთრი ან ღია ფერის პერანგი. სადა სოლიდური ქვედაბოლო საუკეთესო ვარიანტი იქნება ქალებისათვის.
მუქი კონსერვატიული ფეხსაცმელი. არანაირი სანდლები, მაღალი ქუსლები, პლატფორმები. მამაკაცებს შავი  წინდები უნდა ეცვათ.
სადა ვარცხნილობა. მამაკაცებს - მოკლედ შეჭრილი თმა და სუფთად გაპარსული სახე.
მოწესრიგებული ფრჩხილები, უფერო ლაკი.
მინიმალური ადეკოლონი და სუნამო.
რაც შეიძლება ცოტა სამკაული. გაიკეთეთ მხოლოდ სადა საყურეები.

- მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ
ინტერნეტით ადვილად იპოვით ცნობებს კომპანიის შესახებ. გაეცანით მისი მუშაობის სპეციფიკას, ისტორიას. საუბრისას ნამდვილად შეგეტყობათ, იცით თუ არა სად ხართ მისული და ამით კარგ შთაბეჭდილებას დატოვებთ ინტერვიუერზე. გარდა ამისა, გასაუბრებაზე აღარ გექნებათ ისეთი შეგრძნება, თითქოს სრულიად უცხო გარემოში ხართ, ,,ციდან ჩამოვარდნილივით’’ აღარ მოიქცევით, ეს კი თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

- თან იქონიეთ CV და ბლოკნოტი
ეს იმის ნიშანი იქნება, რომ სერიოზულად ეკიდებით გასაუბრებას და თქვენს საქმეს. ეს იქნება ის დეტალი, რომლითაც ინტერვიუერებს დაამახსოვრდებით, რადგან დარწმუნებული იყავით, რომ არცთუ ბევრი მივა გასაუბრებაზე რეზიუმეთი და ბლოკნოტით, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დაავიწყდებათ, ან საჭიროდ არ ჩათვლიან.

- დამშვიდობება
მადლობა გადაუხადეთ ინტერვიუერებს, რომ დრო დაგითმეს და დაემშვიდობეთ. არ დაგავიწყდეთ თვალისმიერი კონტაქტი და ღიმილი.

როგორ დავტოვოთ კარგი შთაბეჭდილება?

გასაუბრებაზე დაახლოებით ათი წუთით ადრე უნდა მიხვიდეთ. პირველი  შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გაიღიმეთ და თვალებში უყურეთ კომპანიის წარმომადგენელს. ხელს ნუ გაუწვდით ჩამოსართმევად, რადგან შეიძლება ზედმეტ თავდაჯერებულობაში ჩამოგართვან. დაე, ინტერვიუერმა გამოიჩინოს ინიციატივა. ხელის გაწოდებისას ხელისგული დაბლა უნდა იყოს მიმართული. თვალებში უყურეთ თანამოსაუბრეს, მაგრამ მხოლოდ სამ წუთის განმავლობაში. გაიღიმეთ და განეწყვეთ პოზიტიურად.

ამის შემდეგ ინტერვიუერი დაჯდომას გთხოვთ და გაკვეულ ადგილზე მიგითითებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ ადგილზე დაჯექით, საიდანაც ყველა ინტერვიუერს კარგად დაინახავთ და, პირიქით. თუ თანამსაუბრეები კარგად ვერ დაგინახავენ, შეიძლება ვერ შეექმნეთ თქვენზე სათანადო წარმოდგენა.

დაჯექით სწორად, მიეყრდენით საზურგეს. სკამის კიდეზე თუ ჩამოჯდებით, დაძაბულ შთაბეჭდილებას დატოვებთ. შეკითხვის დასმისას მოსაუბრისკენ გადაიხარეთ ოდნავ, რითიც თქვენს ინტერესს გამოხატავთ, შეგიძლიათ თავიც დაუქნიოთ თანხმობის ნიშნად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ურთიერთგაგებას დაამყარებთ, თუ იმავე პოზაში დაჯდებით, როგორშიც ინტერვიუერი ზის.

ხელები თავისუფლად გეწყოთ კალთაში. პასუხის გაცემისას ხელებიც გამოიყენეთ. ამ დროს ხელისგული ზემოთ უნდა იყოს მიმართული, რაც სიმშვიდის, თავდაჯერებულობისა და გულწრფელობის მაჩვენებელია. ინტერვიუერი იფიქრებს, რომ იცით რაზეც საუბრობთ.

ყველა ინტერვიუერს თანაბარი დრო დაუთმეთ. საუბრის დროს თვალისმიერი კონტაქტით ინტერვიუერთა მიმართ ნდობას გამოვხატავთ. თუ რომელიმე ინტერვიუერი შეკითხვას გისვამთ, ან რაღცას გიხსნით, თვალებში უყრეთ მას, ვიდრე ლაპარაკს მორჩება. პასუხის გაცემისას ჯერ შეკითხვის ავტორს შეხედეთ, შემდეგ რიგრიგობით უყურეთ ყველა ინტერვიუერს. თუ რომელიმე ფრაზაზე გსურთ ყურადღების გამახვილება, შეკითხვის ავტორს შეხედეთ. გახსოვდეთ, რომ თვალისმიერი კონტაქტი და ღიმილი გადამწყვეტია წარმატებისთვის. უყურეთ მხოლოდ მსმენელებს, ნუ გადაიტანთ ყურადღებას ნივთებსა და საგნებზე. ეს არის თქვენი თავდაჯერებულობისა და გულწრფელობის ნიშანი. როგორც არ უნდა ილაპარაკოთ, როგორი გამოცდილებაც არ უნდა გქონდეთ, თუ თვალისმიერ კონტაქტს არ დაამყარებთ, ჩათვალეთ, რომ სამუშაოს ვერ მიიღებთ.

კარგად მახსოვს, ერთ-ერთ გასაუბრებაზე  ყველა შეკითხვას კარგად ვუპასუხე, ერთი სიტყვით, სრულად წარმოვაჩინე საკუთარი თავი და დარწმუნებულიც ვიყავი წარმატებაში. დრო კი გადიოდა და არ მირეკავდნენ. დეტალურად აღვიდგინე გასაუბრება და მივხვდი, სადაც იყო ძაღლის თავი დამარხული! - რამდენჯერმე თვალი ავარიდე ინტერვიუერებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვღელავდი და დაბნევის მეშინოდა. არადა, უარესი შედეგი მივიღე! მეც ხომ არ მომეწონებოდა, ინტერვიუერს  რომ აერიდებინა თვალი და ფანჯარაში დაეწყო ყურება. ხომ ძალიან მარტივი დეტალია? თითქოს ზუსტად ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ ჩავიჭერი.  გამოცდილებასთან ერთად ვრწმუნდები, რომ თვალისმიერი კონტაქტი გვეხმარება საუბრის წარმართვაში, გვმატებს თავდაჯერებულობას და ვქსოვთ ურთიერთობის ფარულ ძაფებს იმ  ადამიანებთან, რომლებიც შეიძლება ჩვენი მომავალი თანამშრომლები იყვნენ.

ასეა თუ ისე, ახლა მეტი გამოცდილება გვაქვს და მეტიც ვიცით! მომდევნო გასაუბრებაზე უფრო თავდაჯერებული იქნები, რადგან ქვეცნობიერად იფიქრებ: ,,მე მაქვს ცოდნა და გამოცდილება ამ პოზიციის დასაკავებლად. მაქვს ის ძლიერი და საიდუმლო იარაღი, რითიც კარგ შთაბეჭდილებას დავტოვებ თქვენზე ისე, რომ ვერც კი მიხვდებით! მე მივიღებ ამ სამუშაოს, რადგან ღირსეული კანდიდატი ვარ!’’

წარმატებებს გისურვებთ!

თემის ავტორი: მარი მარდალეიშვილი

 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება
Get our toolbar!
 
 
 
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ელ.ფოსტა: info@staff.ge