საიტზე არის 1 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 10:28
RSS  
ინტერნეტ მარკეტინგი
შრიფტის ზომა:
მიეცით რეკომენდაცია (7)

ინტერნეტ მარკეტინგი (ინგ. internet marketing) - მარკეტინგი ინტერნეტის საშუალებით, პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვა ინტერნეტით, რომლის ძირითადი მიზანია მაქსიმალური შედეგის მიღება საიტის პოტენციური აუდიტორიისაგან.

რა საჭიროა ინტერნეტ მარკეტინგი? დღეს ინეტრნეტი უდიდესი სფეროა მთელს მსოფლიოში.  ინტერნეტისთვის არ არსებობს ასაკი, ეროვნება, ქვეყანა. ეს არის სისტემა, რომელიც მაგნიტივით იზიდავს და აკავშირებს ადამიანებს.

ყოველდღიურად მილიონობით ახალი საიტი იქმნება, მაგრამ იმისთვის, რომ ვებ გვერდი  კონკურენტუნარიანი იყოს, მხოლოდ დომენის დარეგისტრირება და კონტენტის ატვირთვა არ კმარა. ეფექტური სტრატეგიისა და ინტერნეტ მარკეტინგის გარეშე თქვენი ვებ გვერდი დაიკარგება ამ უკიდეგანო სივრცეში. როგორც ერიკ უორდი, მარკეტინგის კონსულტანტი აღნიშნავს, ,,რა მნიშვნელობა აქვს, რამდენს დახარჯავთ ვებ გვერდზე. ის უხილავია, ვიდრე მის ბმულს ვიღაც არ იპოვის’’.

თქვენს ვებ გვერდზე ყველაფერი ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს - მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი სტუმარი და მიიღოს მომხმარებელმა თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონკურენცია ძალზე დიდია ინტერნეტის სფეროში,  მაგრამ მას აქვს ერთი მარტივი, მაგრამ უაღრესად საინტერესო ჭეშმარიტება, რაც განსაკუთრებით  აზარტულს ხდის მას - ინტერნეტს არ აქვს საზღვრები: როგორი მცირე და უსუსურიც არ უნდა ჩანდეს თქვენი ვებ გვერდი, რომელი ადგილიც არ უნდა გეკავოთ რეიტინგებში, რამდენი გიგანტური საიტიც არ უნდა გისწრებდეთ, გახსოვდეთ, რომ ინტერნეტში არ არსებობს მყარი და ფიქსირებული ადგილი, არ არის სკამი, სადაც ვინმე მოიკალათებს და წლობით იჯდება... ერთ დღეს შეიძლება სხვა აღმოჩნდეს ამავე ადგილზე. მარტივია, არა? მაგრამ ამ მიზნამდე მისასვლელად დრო და შრომაა საჭირო. სწორედ ამისათვის ხორციელდება ინტერნეტ მარკეტინგის კამპანია.

ინტერნეტ მარკეტინგის კამპანია მოიცავს მოკლევადიან და გრძელვადიან სტრატეგიას. წარმატების მისაღწევად საჭიროა ორივე სახის სტრატეგიის გათვალისწინება.

მოკლევადიანი მარკეტინგული სტრატეგია მოიცავს მეთოდებს, რომლებიც დროებით გაზრდის ვებ გვერდის სტუმრთა და მომხმარებელთა რიცხვს.  მიუხედავად იმისა, რომ ეს სტრატეგია მთლიანი მარკეტინგული გეგმის  ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ეს სტრატეგია მხოლოდ დროებით გაზრდის თქვენს  ვებ გვერდზე ვიზიტორთა რიცხვს, ამიტომ მხოლოდ ამ მეთოდებზე დაყრდნობა გაუმართლებელი იქნება.

მოკლევადიანი მარკეტინგული სტრატეგია მოიცავს შემდეგ მეთოდებს:

• რეკლამა
• ფორუმებში მონაწილეობა და აქტიურობა
• საძიებო სისტემები

გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგია მოიცავს მეთოდებს, რომლებიც უფრო ხანგრძლივი პერიოდით გაზრდის ვებ გვერდის მომხმარებელთა რიცხვს.

გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგია მოიცავს:

• რეკლამირება ელ.ფოსტის მეშვეობით
• ბლოგინგი
• სოციალური ქსელები
• სოციალური ბუკმარკების საიტები
• უფასო საჩუქრების (ინგ. freebies) დარიგება
• მარკეტინგი სტატიებით - რეკლამირების ერთ-ერთი ფორმა, როდესაც კომპანია წერს სტატიებს შესაბამისი სფეროს შესახებ.

წარმატების მისაღწევად აუცილებელია მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიების შეჯერება. ამ მეთოდების გამოყენება არის თქვენი ვებ გვერდის წარმატების საიდუმლო.

თემის ავტორი: მარი მარდალეიშვილი

 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება
Get our toolbar!
 
 
 
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ელ.ფოსტა: info@staff.ge